2008 წლის აგვისტოს კრიზისმა და მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეგიონების ცალმხრივმა ცნობამ შეცვალა კონფლიქტების “ტოპოგრაფია” საქართველოში. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც მყიფე მშვიდობიანი პროცესი ეყრდნობოდა, დაიშალა.
აფხაზეთიდან გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) გასვლასა და “დსთ–ს ცისფერჩაფხუტიანთა” დამატებითი შეიარაღებითა და პირადი შემადგენლობით გაძლიერებულ რუსეთის რეგულარულ არმიად მყისიერ გადაქცევასთან ერთად, ფაქტობრივად, შეწყდა საერთაშორისო სადამკვირვებლო და “სამშვიდობო” მანდატები. კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესები, ძირითადად, იგივე დარჩა, თუმცა შეიცვალა მათი მდგომარეობა. ზოგადად, კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა გაცილებით გაუარესდა. ომს, რომელმაც, რონალდ ასმუსის მსგავსად მიიჩნევენ, რომ “მსოფლიო შეძრა”, საქართველოსა და რეგიონის ფარგლებს გარეთაც მოჰყვა რეზონანსი. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ ომში აშკარა გამარჯვებული არ გამოვლენილა, ვინაიდან სხვადასხვა დოზით, მაგრამ ვერცერთმა მხარემ შეძლო საკუთარი ინტერესების სრულად დაკმაყოფილება. შეილახა დასავლეთის ინტერესებიც, რომელთა არსიც, უპირველესად, მშვიდობისა და სტაბილურიბის შენარჩუნებაა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ვირტუალურად “ახალი რეალობა”, რომლის გათვალისწინებითაც როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ ახალი პარადიგმები შეიქმნა.