2021 წლის, 25 ნოემბერს, გაიმართა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და უკრაინა: მსგავსებები და განსხვავებები დეზინფორმაციის კონტექსტში“.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა კვლევის – „დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსი“ პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა „ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი“-სა და „EAST Center“ მიერ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კვლევა მიზნად ისახავდა, გაეზომა ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და საზოგადოებების მოწყვლადობა გარე სადეზინფორმაციო ნაკადების მიმართ, ისევე როგორც განესაზღვრა მათი მზადყოფნის დონე მსგავსი გამოწვევებისადმი.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის 2018 წლიდან, ინსტიტუციურ და მარეგულირებელ მიდგომებსა და მედიასივრცეში განხორციელებულ ცვლილებებზე. ონლაინ დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინაზე. ასევე, შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ანალიზი, ისევე როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებული პრაქტიკა.

2021 წლის დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსის კვლევა მოიცავს ვიშეგრადის ოთხ ქვეყანას (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). კვლევა ჩატარდა ვიშეგრადის ფონდის (International Visegrad Fund) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის (German Marshall Fund of the United States) ხელშეწყობით.