ლიბერალურმა აკადემიამ დაასრულა ანგარიში გამარტივებული სავიზო რეჟიმის პროცედურებისა და არალეგალური მიგრანტების რეადმისიის შესახებ: ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები. პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით. ანგარიშში მოცემულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის პროცედურებისა და არალეგალური მიგრანტების რეადმისიის შესახებ შეთანხმებების შეფასება, განხილულია 2011 წლის 1 მარტიდან დაწყებული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები და გამოწვევები. ანგარიში მოიცავს ამ ორ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რამდენიმე დასკვნას, ანალიზსა და პრაქტიკულ ინფორმაციას, შედეგებს და მათ მნიშვნელობას პერსპექტივაში. ამგვარად, იგი ნათელს ჰფენს იმ რამდენიმე განსხვავებულ საკითხს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის როგორც მობილურობის, ისე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.
ანგარიშში ასევე მოცემულია მიგრაციის ტენდენციების მიმოხილვა, არალეგალური სამუშაო მიგრაციის მარშრუტები, ფულადი გზავნილების დინამიკა, ვიზების დეტალური სტატისტიკა საქართველოსა და რეგიონის შესახებ, ევროკაშირის ქვეყნების საკონსულოებში ამჟამად არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია.
ასევე, ანგარიშში მოყვანილია სხვა ქვეყნების მსგავსი გამოცდილება, განსაკუთრებით კი ეს ეხება პროცესებს უკრაინასა და მოლდოვაში, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკაშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის სწრაფ განვითარებაში.